ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი “მედიაკლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) პროექტ “მედიაკლუბის“ ფარგლებში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს.

ამჯერად, თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული დირექტივების ჰარმონიზებას ქართულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში.

ტრენინგებს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სპეციალისტები და სემეკის წარმომადგენლები ჩაატარებენ. ასევე, დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა ევროპული დირექტივების იმპლემენტაციის საკითხებზე. ტრენინგები დაიწყება თებერვალში და მისი ხანგრძლივობა იქნება 4 თვე. გაიცემა სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით. http://gnerc.org/ge/saregistratsio-forma

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი. სარეგისტრაციო ფორმა განთავსებული იქნება სემეკის ვებგვერდსა (www.gnerc.org) და Facebook გვერდზე.

ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება ერთი ტრენინგი, რომლის ხანგრძლივობაც იქნება 2-3 საათი.

ტრენინგის ჩატარების დღეები და დაწყების საათები განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით.

ტრენინგის ფარგლებში განსახილველი თემები:

საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;

ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები – ელექტრონული პლატფორმა;

ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების აუცილებლობა; ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები;

დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი;

ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოთამაშეები, რეგულაციები, მოსალოდნელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;

ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულაციები, მოსალოდნელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
რატომ ვერ იქნება უფასო ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი – სატარიფო რეგულირების პრინციპები;

სმარტ აღრიცხვის სისტემა;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებები და ვალდებულებები:
განახლებადი ენერგიები/ენერგოეფექტურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები