ანრი ოხანაშვილი მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე: არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით შეკვეთით მოქმედებდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ მუქარაში ბრალდებული პირი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, შეკვეთით მოქმედებდა.
ოხანაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ბრალდებულს უფრო მძიმე რამ ჰქონოდა დაგეგმილი.
„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, რაც განახორციელა, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით შეკვეთით მოქმედებდა. ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის, შემდგომ კი ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ზღაპრები უთხრას მათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიიყვანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს სახით 7 000 ლარის გადახდა დააკისრა.