ამერიკელი კონგრესმენი გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის: ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.

“როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ გაუარესებას ეხება.

ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია “Frontera Resources” ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია “Facebook”-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია “ქართულ ოცნებასთან” იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა. იმ უარყოფითი ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტენდენციის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთების გაჟღერება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე.

იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს,” – წერს კონგრესმენი მალინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები