მამუკა ხაზარაძე: ადამიანურად გული მწყდება
გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში, მისი ეს დეგრადირება, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ეს არის ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე აბრუნებენ ერთი და იგივე ადამიანებს.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარუსელი. კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში. როგორც ქართველი ვამბობ ამას. მისი ეს დეგრადირება, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ამხელა ენთუზიაზმი 2012 წლის, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი.
ეს არის ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე აბრუნებენ ერთი და იგივე ადამიანებს, ბოლო შვიდ წელიწადში ხუთი პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა – ჩვენი ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, თავისი კომპანიის დირექტორებს და აუდიტორებს ცვლის, ეს ასე არ არის“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელში მარიონეტია. მისივე განმარტებით, აღნიშნულზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც მეტყველებს.
„ნებისმიერი სხდომა, რომელიც აქ გაიმართება, იქნება გამოყენებული ჩვენს ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის, რადგან ეს არის ფარსი, დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც დაკავებულია, სხდომის შემდეგ რა მოიფიქროს, პიარულად რაღაც მიაწოდოს საზოგადოებას. უკვე მასალა აღარ აქვთ. ომბუდსმენის დასკვნა მიანიშმებს იმაზე, რომ ეს თითიდან გამოწოვილი საქმეა. უამრავი ადამიანია ანალოგიურ სიტუაციაში. მადლობელი ვარ, რომ, როგორც რიგითი ქართველი მოვხვდი ამ სიტუაციაში და ქვემოდან გავიგე, თუ როგორ არის დამპალი სისტემა, როგორ არის აბსოლუტურად შესაცვლელი ყველაფერი და როგორ უჭირთ ადამიანებს, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. ეს საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ. ვხედავ იმ სიმახინჯეს, რომელიც საბჭოური მენტალობიდან დარჩა საქართველოში, ამას ძორფესვიანად შევცვლით“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.