დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა (ფოტო,ვიდეო)

დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა.

კახა კალაძემ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.


მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და ყურადღება გავამახვილო იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც ჩვენ 2012 წლის შემდეგ განვახორცილეთ ჯანდაცვის მიმართულებით. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჯანდაცვა, რომელიც პრივილეგია იყო, დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვჩერდებით იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაკეთდა და ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პროგრამებით და ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, თუმცა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ ჯანდაცვა, ზოგადად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემის გარეშე და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

თქვენ იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექვემდებარებოდა ქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთიან სისტემაში მოექცევა ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც უფრო ეფექტიანი იქნება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატება უსურვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა.

მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, თანამედროვე სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები