საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან იური ლუიკთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ესტონეთის დინამიკურ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას მიესალმნენ. განხილული იქნა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ელჩმა იური ლუიკს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება გააცნო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის მადლიერება გამოხატა.
იური ლუიკმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით გააგრძელებს.