კახა კოჟორიძე: სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს
პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს სასამართლო მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს.
როგორც კოჟორიძემ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია.
“ჩვენ ვაპირებთ, სასამართლოს მივმართოთ და ორი კითხვა დავუსვათ – ყოფილა თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძის სამოსამართლეო პრაქტიკაში თუნდაც ერთი საქმე, სადაც მოსამართლეს ასეთი ინტენსივობით ჩაუნიშნავს სასმართლო პროცესები. ორ თვეში დაახლოებით 20 პროცესია ჩანიშნული. მეორე კითხვა მთელ სასამართლო სისტემას მიემართება, თუ ყოფილა სასამართლო ისტორიაში რაიმე სხვა საქმე, რომელზეც პროცესები ასეთი ინტენსივობით ჩატარებულიყო. ეს არის საქმეები, სადაც ცალსახაა პოლიტიკური მოტივაცია. ცალსახაა, რომ მოსამართლე პარტიულ დავალებებს ასრულებს. სწორედ ამიტომ, 10 ოქტომბერს რომ პირველი პროცესი იყო და მთელი ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი არც ერთი პროცესი რომ არ ჩატარებულა. 22 დეკემბერს „ლელოს“ პარტიული ყრილობა ჰქონდა, პარტია დავაფუძნეთ და ძლიერი სტარტი გვქონდა. ამის შემდეგ, 27 დეკემბერს, მოსამართლემ მთელი იანვარ-თებერვალი პრაქტიკულად სასმართლოში განამწესა ხაზარაძე-ჯაფარიძე. შესაბამისად, მათ ეშლებათ ხელი, პარტიულ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. საუბარია პარტიისთვის ორ ცენტრალურ ფიგურაზე. პარტიის თავმჯდომარეზე და გენერალურ მდივანზე. ჩვენ გვაქვს ფაქტები, ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ მოსამართლეს სხვა არც ერთ საქმეზე მსგავსი პრეცედენტი არ ჰქონია. ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას უკვე მიმართა, მიიღოს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას იანვრის ბოლო 10 დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია აქვს სასამართლოს, თუმცა ამის მიუხედავად მოსამართლემ მაინც ჩანიშნა იმ პერიოდში პროცესებში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია და მას აქვს დავალება, რომ ეს საქმე ფორსირებულად დამთავრდეს“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წარდგენილი, ხოლო ავთანდილ წერეთელს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.