მამა ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად გლდანის მერვე დაწესებულებაში შევიდა
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზთან, გიორგი მამალაძესთან გლდანის მერვე დაწესებულებაში მამა ანდრია სარია შევიდა, რომელიც სასულიერო პირს აზიარებს.
მამა ანდრია სარიამ ციხეში შესვლის წინ განაცხადა, რომ დეკანოზის თხოვნით მივიდა, რადგან გიორგი მამალაძეს საშობაოდ ზიარების სურვილი ჰქონდა.
“მამა გიორგიმ თვითონ ითხოვა, რომ შევხვედროდი, ზიარება უნდა საშობაოდ, მე მგონი არავის არ უზიარებია, ეს ერთი, მეორე, რაც კი ამ ბოლო საშობაო პერიოდში ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა მასზე თავდასხმის, არა თუ სიყვარულის ობიექტად, სიძულვილის ობიექტად გაიხადა საპატრიარქომ. გულმოწყალების ნაცვლად, ვხედავთ, რომ უგულობას აქვს ადგილი. ჩვენ ვიცით მკაცრი განცხადებები საპატრიარქოსგან, რომ მამა გიორგი ღირსია და უნდა იჯდეს იქ. ეს არის მთავარი გზავნილი და ჩვენ ვთვლით, რომ საპატრიარქოს უგულობას წერტილი დაესმება. მამა გიორგი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში,“ – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.