წყალმომარაგების კომპანიის ახალი დირექტორი: გუდაურში შედეგები მიღწეულია, ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას ინფორმაციით, გუდაურში შედეგები მიღწეულია. მისივე თქმით, ბაკურიანში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომ იმ ადგილებში, სადაც წყლის მიწოდების პრობლემა იყო, უახლოეს პერიოდში წყალმომარაგება სრულად აღუდგეს.
“კომპანია რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, “რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის გართულებები”,-განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.
მისივე თქმით, გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.
“დღეს, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე. გამომდინარე აქიდან, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კომპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს. ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში”,-აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები