გიგი უგულავა: პრეზიდენტის გადაწყვეტილება დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით სამარცხვინოა

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიგი უგულავას თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

“ის არ არის პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ის არის ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება. სამარცხვინოა მთლიანად რაც გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ხდება. მე ხაზი მინდა გავუსვა საპატრიარქოს პოზიციას, რომელსაც პილატეს პოზიცია აქვს. როდესაც საპატრიარქოს რაღაც სურს, ჩვენ გვინახავს მათი დაჟინებული თხოვნაც. ის პოზიცია კი, რაც საპატრიარქომ დაიჭირა, არის ის, რომ ხელები დაიბანა როგორც პილატემ და გიორგი მამალაძე ჩაუგდო სამოქალაქო ხელისუფლებას და ჯალათებს, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა. ამით კიდევ ერთხელ გაფორმდა მეორე ტურის ის მეგა-ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. ის არის ივანიშვილის მარიონეტი და ის არის მისი სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები