ბაკურიანს, ამ დროისთვის, წყალი სტაბილურად მიეწოდება – სამუშაოები 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, დაბა ბაკურიანში ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია,რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24–საათიან რეჟიმში მუშაობს. პარალელურად, კომპანია უზრუნველყოფს დაბის წყლით მომარაგებას და რეზერვუარების შევსებას წყალმზიდების საშუალებით. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდება.
ქსელის დაზიანების გამო, წყალმომარაგების შეფერხება წარმოიშვა გუდაურში, მხოლოდ ე.წ. “რედკოსდასალხება”-ში.
პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისიდან გუდაურში უკვე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. დაზიანების გამოსასწორებლად და წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაწყებული.
პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონურად არსებულ პრობლემებს.