მოქალაქეები, რომლებიც უარს აცხადებენ ID ბარათზე, აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ ერთთვიან პირადობის მოწმობებს მიიღებენ

იუსტიციის სამინისტრო ID ბარათებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს.

“უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი.

ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე.

ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები