ბიძინა ივანიშვილი: ანზორ ერქომაიშვილი ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონია, რომელიც ქართულ კულტურას ათწლეულები ემსახურება და კიდევ ბევრს გააკეთებს

ანზორ ერქომაიშვილი ზნეობრიობის, ღირსების, ბედნიერების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონია, რომელიც ქართულ კულტურას ათწლეულები ემსახურება, ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან ანზორ ერქომაიშვილს და ყველას, ვინც ნაშრომის გამოცემაში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ვთქვათ, რომ ქართული კულტურის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ უნიკალური გამოცემის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ასეთი უნიკალური კულტურის ისტორიის გამომხატველი სახელმძღვანელოს გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქალბატონ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს. სწორედ მისი და მისი მეუღლის წინადადება იყო, ასეთი ნაშრომი გამოცემულიყო და მსოფლიოს ენახა ჭეშმარიტად ქართული კულტურის ისტორია, მისი ეთნოგრაფია, რომელიც არის უმდიდრესი და უნიკალური მსოფლიო კულტურის ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც 10 წლის განმავლობაში ასე უხმაუროდ, სამშობლოს სიყვარულით ამ დიდ შრომას ახერხებდა (საბოლოო ჯამში გამოცემა მთელმა მსოფლიომ იხილა, ის დაურიგდა ყველა ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრებს მსოფლიოში) მინდა, მადლობა გადავუხადო. მოგეხსენებათ, ის ინგლისურენოვანია და შეიძლება, იყოს უნიკალური წიგნი, გამოცემა, რომლის მსგავსი შესაძლოა, ისტორიაში არ ყოფილა – ინგლისურენოვანი, რომელიც მსოფლიოს ასე დაწვრილებით აცნობს ჩვენი მდიდარი კულტურის ისტორიას. იდეის ავტორი, ბატონი ანზორი ჩემთვის არის ზნეობრიობის, ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონი, რომელიც ათწლეულები ემსახურება ქართულ კულტურას, აღადგენს, ამდიდრებს, აცნობს, გამოსცემს და აგრძელებს მას. ბატონი ანზორი, მისი წინაპრები უწყვეტად ემსახურებიან ქართულ კულტურას, ისინი ოქროს ასოებით ჩაიწერებიან ქართული კულტურის ისტორიაში. ბატონი ანზორი ჩემთვის ეტალონია ბედნიერების იმ მხრივ, რომ მან თავის საყვარელ საქმეს შეალია ათწლეულები და სიყვარულით აკეთა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა და რაც მთავარია, ის, რაც უნიკალურია ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელია. ბედნიერია ეს ადამიანი, რომ თავის და ხალხის საყვარელ საქმეს შეალია ათწლეულები და კიდევ ბევრს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის’, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოზე, როგორც ღვინის და პოლიფონიის სამშობლოზე. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვინის და პოლიფონიის სამშობლოა.

„თუ ნახავთ ჩვენს თითოეულ კუთხეს – იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია თუ სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენს პოლიფონიურ ფოლკლორს, შეიძლება არც ნახო ქართველი კაცი, ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით. ის, რომ პოლიფონიის სამშობლო და ღვინის სამშობლო საქართველოა, მე მგონი არ არის შემთხვევითი და კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში. ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი, თავისი თამადით ეწოდება. ვფიქრობ, რომ ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა, ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების. ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. მე მგონია, რომ მაინც ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია. ყოფითი ცხოვრების არსი სიყვარულია და ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს და მოახერხოს იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქართულ სუფრაზე იყრის თავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევას წარმოადგენს. ნაშრომის მესამე ტომი 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს აერთიანებს.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს, ფრენკ კოლუმბუსს და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს სთხოვეს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ პროექტის მომზადება ფინანსურად უზრუნველყო, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.  სამტომეულის ავტორების მიზანია ნაშრომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს.

პრეზენტაციას ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის წარმომადგენელი ნადია გოცირიძე-კოლუმბუსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები