ივანე მაჭავარიანი: როცა სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო და გაირკვა “რუსთავი 2”-ის მფლობელი, ვთქვით, რომ დღეიდან ყველამ დაიწყოს გადახდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელევიზიების წარმომადგენლებს დავალიანების გადახდის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.

მისი განმარტებით, ჯერ კიდევ აგვისტოდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

“როდესაც სტრასბურგმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გაირკვა “რუსთავი 2”-ის მფლობელი, ჩვენ ვთქვით ასეთი რამ: მიუხედავად იმისა, თუ ვის მფლობელობაში დარჩებოდა, ძველების თუ ახლების მომხდარიყო გადახდა, ამის შემდგომ გაიხსნა ჩვენთვის შესაძლებლობა, გვეთქვა, რომ დღეიდან ყველამ დაიწყოს გადახდა. ეს განცხადება გაკეთდა 14 აგვისტოს. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები და მთელი სექტემბერი, ერთი თვე მივეცით და ვერ შევთანხმდით. ზუსტად იმიტომ, რომ ვთხოვდით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გადახდას “იმედს” “რუსთავს” და ” მაესტროს” და რადგან ვერ იხდიდნენ და არ შედგა მოლაპარაკება, ვთქვით, რომ 1 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს გადახდა, რომ იგივე სიმახინჯე არ გავაგრძელოთ და ძველს ვუპასუხოთ ახალი გრაფიკით,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 25 დეკემბერს “TV პირველს”, “კავკასიასა” და “რუსთავი 2”-ს ფინანსური ოპერაციები შეუზღუდა. “TV პირველი” გადასახადის გადახდის ვადის გადაწევას ერთი თვით ითხოვდა, თუმცა მან მხოლოდ ერთდღიანი ვადა მიიღო.

რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო ტელევიზიებს “რუსთავი 2”-სა და “იმედს” და მის ჰოლდინგში შემავალ მაესტროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაც ყველაზე მაღალი ჰქონდა (“რუსთავი 2” — 28 მილიონი, “იმედი” — 19 მილიონი, ხოლო “მაესტრო” 8 მილიონი). მაშინ ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს ვალების გადახდის გრაფიკის შეთანხმება შესთავაზა და თქვა, რომ მიმდინარე დავალიანება ყველა არხს უნდა დაეფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები