თბილისი-მოსკოვის ავტობუსის მძღოლი, რომლის ავარიასაც მსხვერპლი მოჰყვა, დააკავეს
ლიპეცკთან გადაბრუნებული ავტობუსის მძღოლი დააკავეს, – ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის შსს-ს რაიონულ სამმართველოში განუცხადეს.
მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე საგზაო წესისა და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
საქართველოში რეგისტრირებული Mercedes-ის მარკის ავტობუსი ლიპეცკის ოლქთან 26 დეკემბერს გადაბრუნდა. ის რეისს მოსკოვიდან-თბილისის მიმართულებით ასრულებდა. სალონში 17 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა – ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, რვას, მათ შორის 5 წლის მცირეწლოვანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რუსეთში ორი ავტობუსი გაგზავნა, რომლებიც ყველა მგზავრს სამშობლოში დააბრუნებს.