თეა წულუკიანი: ელექტრონულ პირადობაში დემოკრატიულად და სანდოობის პირობებში ჩატარებული არჩევნები იგულისხმება
“ეს არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარება გადის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და დროებითი ზომაა.
„ნორმა არის დროებით შეჩერებული, თუმცა არ ვიცით, რამდენი ხნით. ვინაიდან დავა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული, მე იძულებული ვარ, თავი შევიკავო მწვავე შეფასებებისგან, თუმცა, იმედი მაქვს, არავის ჰგონია ამ ქვეყანაში, რომ ელექტრონული პირადობა არის უბრალოდ ნივთი, ეს არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარება გადის. სწორედ ამაში იგულისხმება დემოკრატიულად და სანდოობის პირობებში ჩატარებული არჩევნებიც. გაისად საარჩევნო წელია, ამიტომ ის ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარი საარჩევნო სია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2014 წელს შემოიტანა, სწორედ იმიტომაა სანდო, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ერთ დღეს ეჭვქვეშ დადგება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.