საქართველოს კონსულმა ლიპეცკის ოლქთან დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექციის კონსულმა ადგილზე 26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე მოინახულა. აქედან 3 უკვე გაეწერა სამედიცინო ცენტრიდან. დარჩენილი 2 მოქალაქის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქედან, მცირეწლოვან ბავშვს სავარაუდოდ ორშაბათს გამოწერენ სამედიცინო ცენტრიდან.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 მგზავრი, ამათგან საქართველოს 5 მოქალაქე. თბილისის მიმართულებით გამომგზავრების მსურველი დაშავებული მგზავრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასევე საქართველოს 2 მოქალაქე. მათი გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია სამგზავრო ავტობუსის მძღოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები