დავით ასათიანი: ადვოკატები იმ უკანონო პროცედურებშიც კი მიიღებენ ყველა ზომას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატები უკანონო პროცედურების ფონზეც კი ყველა ზომას მიიღებენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.
ამის შესახებ ასათიანმა მედიაჰოლიდნგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იქ ადგილობრივი ე.წ სასამართლოს უკანონო წესებით არსებობს გასაჩივრების ეტაპები. შესაბამისად, ოჯახის გადაწყვეტილებით, ადვოკატები იმ უკანონო პროცედურებშიც კი მიიღებენ ყველა ზომას, ყველა პროცედურას გაივლიან, რომ ამოიწუროს ყველა ის შესაძლებლობა, რაც არსებობს ამ არაღიარებულ იურისდიქციაში, რათა ვაჟას უფლებების რეალიზაცია ბოლომდე განხორციელდეს. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების თაობაზე. უფრო მეტ კონკრეტიკაში არ შევალთ, მაგრამ არსებობს გარკვეული მექანიზმები და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ. როდესაც რამე კონკრეტულ გადამწყვეტ ნაბიჯზე ჩამოვყალიბდებით, გავაკეთებთ კომენტარს აუცილებლად. იმედია, კეთილგონიერება იზეიმებს და საბოლოო ჯამში გაათავისუფლებენ ვაჟა გაფრინდაშვილს”,- განაცხადა დავით ასათიანმა.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
თამუნა შეყილაძე