იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია. შერჩეული კანდიდატები არიან: ილონა თოდუა, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი.
კენჭისყრა ორ ეტაპად გაიმართა. საბჭოს წევრებმა კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან ჯერ ექვსი შეარჩიეს, ხოლო შემდეგ სიის პარლამენტისთვის წარდგენას უყარეს კენჭი.
მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში არსებულ 20 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში 14 მოსამართლე დაამტკიცეს, უმაღლეს ინსტანციაში ექვსი ვაკანტური ადგილი დარჩა.
კანდიდატებს უკვე აქვთ გავლილი გასაუბრება საბჭოში, შესაბამისად აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ვაკანსიების შევსება კვლავ ვერ მოხდება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.