“შეცვალეს“ და “სირცხვილიას“ წევრები იმ ტელეკომპანიების მხარდასაჭერ აქციას მართავენ, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო
მოძრაობა “შეცვალეს“ და “სირცხვილიას“ წევრები იმ ტელეკომპანიებს, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო, მხარდაჭერას უცხადებენ და აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება ყველა იმ ტელევიზიას აჩუმებს, რომლებიც მათ საქმიანობას კრიტიკულად აშუქებს.
მოძრაობა “შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ მედიას დაიცავენ, რომელიც საზოგადოების ინტერესს ემსახურება.
“ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დასაჯოს ის ტელეკომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ სახელმწიფო ნარატივს და არ მოქმედებენ ისე, როგორც ივანიშვილს სურს. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, სამთავრობო ნარატივის მქონდე ტელევიზიებსაც მილიონობით ვალი აქვთ, მაგალითად ტელეკომპანია “იმედს” 60 მილიონ ლარზე მეტი აქვს ვალი და მას არანაირი პრობლემა არ ექმნება პირიქით, სათათბურე პირობები აქვს შექმნილი. ყველა იმ მედია საშუალებას დავიცავთ, რომელიც საზოგადოების ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, “რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.