ივანე ჩხაიძე: გრიპის ვირუსების გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება
გრიპის ვირუსების გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება, – ამის შესახებ “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები აგრესიული მიმდინარეობითაა განპირობებული.
“დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევების მატება და ეს მატება ყოველკვირეულად ფიქსირდება. ჩვენ ველოდებით, რომ დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება პიკი, ისევე, როგორც წინა წლებში აღინიშნებოდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც განპირობებულია სწორედ აგრესიული მიმდინარეობით, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს: ძალიან მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, შეიძლება იყოს ღებინება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი. ამ შემთხვევების დროს და, ასევე, ისეთი გართულებებისას, როგორიც არის ფილტვების ანთება, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა სტაციონარმა უნდა მართოს,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.