ოთარ კახიძე: განცხადებაში მთავარი გზავნილი ხელისუფლებისადმი მოწოდებაა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენოს, ხაზგასმულია საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაც

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ხელისუფლებისადმი მოწოდებას ეხება, რომ პროკურატურამ პოლიტიკური დევნა არ განაგრძოს და ასევე, მოუწოდებს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე დიალოგი გააგრძელოს, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

კახიძის თქმით, მეოთხე ტალღის რეფორმა საკანონმდებლო დონეზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პროკურატურამ არ განაგრძოს პოლიტიკური დევნა, ანუ არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული და ასევე, მოუწოდებს, რომ გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე. მეოთხე ტალღის რეფორმა საკანონმდებლო დონეზე მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამის შემდგომ ჩვენ მივიღეთ მოსამართლეთა ის სია, რომელიც ზარ-ზეიმით დაამტკიცა პარლამენტმა. განცხადებაში მთავარი გზავნილი არის ხელისუფლებისადმი მოწოდება და დაბეჯითებით მოთხოვნა, რომ არ გამოიყენოს პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამავე დროს, ხაზგასმულია საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა”, – განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები