მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
30 წლის დაშავებული ტურისტის
დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, 8 მაშველის შემადგენლობით.
მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან.
მოქალაქე მაშველების მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება.
ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.