ფოთში თევზის უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად ფოთში დარეგისტრირებული თევზის გადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის თემა საწარმოების მიერ სანიტარული და გარემოს დაცვითი ნორმების დაცვა და მუშაობისას წარმოქმნილი მძაფრი სუნის პრევენცია იყო, რომელიც წლებია მოსახლეობისთვის დისკომფორტს წარმოადგენს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და შემცირების გზების ძიებას, რათა პროცესი არ იყოს შემაწუხებელი მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება ასევე გაამახვილა ქარხნებში მომუშავეთა უსაფრთხოების დაცვასა და სხვა საკითხებზე. მისი თქმით საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც ძირეულად აღმოფხვრის პრობლემას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოთში ამ ეტაპზე თევზის პროდუქტების გადამამუშავებელი 4 ქარხანა მუშაობს. მათ მიერ სამუშაო პროცესის განხორციელების დროს არსებული ნორმების დაცვას შესაბამისი სამსახურები დეტალურად სწავლობენ, საწარმოებში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული თავადაც გაეცნო.