თეა წულუკიანი: ამ მოდელზე ოპოზიციის მხრიდან დაფიქრება ღირს, დაველოდოთ მოლაპარაკების შემდგომ რაუნდს

ოპოზიციას შევთავაზეთ ახალი მოდელი, რომელიც შეიძლება, დღეს არის ახალი, მაგრამ იქნებოდა თუ არა პარლამენტში დეპუტატების ეს ოდენობა, ამაზე ჩვენი საზოგადოება 2003 წლიდან მსჯელობდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული მოდელი იძლევა საშუალებას, პარლამენტი გაცილებით პროპორციული იყოს, ვიდრე დღეს არის.

„ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ ახალი მოდელი, რომელიც შეიძლება, დღეს არის ახალი, მაგრამ იქნებოდა თუ არა პარლამენტში დეპუტატების ეს ოდენობა, ამაზე ჩვენი საზოგადოება 2003 წლიდან მსჯელობდა და ჩამოყალიბდა 150-ზე. პროპორცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ არის ის, რომ ამ 150 დეპუტატის შიგნით პარლამენტი იყოს გაცილებით უფრო პროპორციული, ვიდრე დღეს არის, თუ კი ეს მათთვის მოსაწონი იქნებოდა, იყოს 100 პროპორციული წესით არჩეული და 50 მაჟოროტარული წესით არჩეული დეპუტატი. თუ ეს მათთვის მისაღები არ არის, ესეც პასუხია“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მოდელზე მათი მხრიდან დაფიქრება ღირს. დაველოდოთ მოლაპარაკების შემდგომ რაუნდს, სადაც იმედი მაქვს, რომ ისინი კონკრეტული პასუხებით მოვლენ და არ ისურვებენ ამ დიალოგის ფორმატის ჩაშლას მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად რადიკალიზმის მომხრეებად არიან ქცეულები და ჩვენ ამას ქუჩაშიც ვხედავთ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია და მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები