მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, უმკაცრესი აღმკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძველი საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა.
“ქალბატონი მარიანა ჩოლოიანის მიმართ შეფარდებული უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების სახე – პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა გამოყენებული. დაცვის მხარემ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივრა. პირი დაკავებულ იქნა სასამართლო განჩინების გარეშე, ეს არის არსებითად მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტისათვის,” – აღნიშნა ადვოკატმა.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ცნობისთვის 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სუიციდი 11 დეკემბერს, სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო სცადა. ის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.