თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა ხვალ გაიმართება

თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა ხვალ გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება სამმხრივ ფორმატში, ტრადიციულ შეხვედრას წარმოადგენს და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს.

მინისტრები სამმხრივი თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს სხვადასხვა მიმართულებით განიხილავენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.

3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება, როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს – პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისთვის, რის ფარგლებშიც სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებებია გათვალისწინებული.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიიღებს. ამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები იქნება განხილული.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები