ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან ორ პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხოლო სამ პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი 20 დეკემბერს დააკავა.