თეა წულუკიანი – ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, საქართველოში განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ

„მესმის, რომ ოპოზიცია დღეს ემოციურად იყო განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას. ვერავითარ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ საქართველოში, – აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.

„მესმის, რომ ოპოზიცია დღეს ემოციურად იყო განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას. ვერავითარ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ საქართველოში. მათ განკითხვის დღე ქართველ ხალხს მოგვიწყვეს წინა წლებში, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, ასე ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, რომ კიდევ ერთხელ საკუთარ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ. ჩვენი შეთავაზება დეტალებში განვიხილეთ და დაველოდებით უფრო გაანალიზებულ, ემოციებისგან დაცლილ პასუხებს“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, მოლაპარაკების დროს დარჩა შთაბეჭდილება, ოპოზიციის გეგმებში ხომ არ არის რაიმე არაკანონიერი მეთოდების გზით პროცესების განვითარების სურვილი.

„რაც შეეხება მოლპარაკებების პროცესს, არ დაგიმალავთ და მე დამრჩა განცდა, ხომ არ არის ოპოზიციის გეგმებში რაიმე არაკანონიერი მეთოდების გზით პროცესების განვითარების სურვილი. ეს უფრო მეტად პროპორციული მოდელიც თუ არ აწყობთ, ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ რეალურად არ სურთ კანონიერი გზით ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ, მოდით, დღევანდელი დღე და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ამგვარი მკვეთრი მუქარის შემცველი განცხადებები დავაბრალოთ ემოციებს და ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი შეხვედრა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური პროცესის იგნორირებას შეეცდება, შესაძლოა, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები