კარლ ჰარცელი: საჯარო სამსახურის შესახებ კანონის განხორციელების პირველივე წლებში საქართველოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები აქვს
კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ძალაში მხოლოდ 2 წლის წინ შევიდა, მისი განხორციელების პირველივე წლებში უკვე გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოხელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ევროკავშირის ელჩმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ხელშესახებ შედეგებად დაასახელა საჯარო სამსახურში დაქირავების, კარიერული ზრდის და ანაზღაურების უფრო მკაფიო და გამჭვირვალე პროცესი და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც იქნება საქართველოს ერთგული პარტნიორი პროფესიონალურ დონეზე მომსახურების გაუმჯობესების გზაზე, რომელიც „საკმარისად მტკიცეა, რომ გაუძლოს ცდუნებებს და გარეშე მხარეთა ზეწოლას, რაც არის და უნდა იყოს საჯარო მოხელეების ხელწერა“.
კარლ ჰარცელმა ამ კონტექსტში მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას გაცხადებული მტკიცე გადაწყვეტილებისთვის ამ რეფორმების წარმართვასთან, საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის დახვეწასა და დამოუკიდებლობის დაცვასთან დაკავშირებით.
“როგორც თქვენი კოლეგა და საჯარო მოხელე, გულწრფელად გილოცავთ ყველა საჯარო სამსახურის დღეს. ასევე აღვნიშნავ საჯარო სამსახურის სფეროში და შესაბამისად, საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს, მშენებლობაში თქვენს მიერ შეტანილ პროფესიულ წვლილს. 1 თვის წინ თქვენ აღნიშნეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-5 წლისთავი, რომელშიც გაწერილია პროფესიული და დეპოლიტიზებული საჯარო ადმინისტრირების საქმიანობის სფერო და სტანდარტები. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს ესა თუ ის კანონი, სამაგალითო და მაღალი კლასის საჯარო სამსახურის კორპუსის შექმნა საქართველოში, – ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, – მუდმივ შრომასა და ბრძოლას ითხოვს“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ელჩის შეფასებით, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობით, ბევრი წარმატებული რეფორმა განხორციელდა.
“ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა ასევე ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერის წყალობით. პროფესიული საჯარო სამსახური მოითხოვს გუნდურ მუშაობას, როგორც ეს რეფორმის პროცესმა ცხადყო. ჩვენ გავხდით სამაგალითო თანამშრომლობის მოწმენი ისეთ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა სამინისტროები, მათ შორის ადგილობრივ დონეზე”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.