ფსიქიატრი: ახალგაზრდებმა უფროსებთან უნდა ისაუბრონ, მხოლოდ დიალოგის დროს გამოჩნდება ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ პრევენციას ვუწოდებთ

ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, სუიციდის პრევენციისთვის საჭიროა, ახალგაზრდებს უფროსებთან საუბრის საშუალება მიეცეთ. როგორც მან დღეს ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მიერ ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან მძიმე ფრაზების გაზიარება ხელს უშლის იმ პიროვნების ამოცნობას, ვისაც რეალურად აქვს პრობლემა.

„თანაგრძნობას ვუცხადებ იმ ადამიანის მშობელსა და ახლობლებს, რომელმაც უკიდურესი ნაბიჯი გადადგა და კრიზისულ ვითარებაში სხვა გზა ვერ დაინახა. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ფრაზის გაზიარება, ხშირ შემთხვევაში სპონტანურად, ემოციურად ხდება, ამიტომ როდესაც ძალიან ბევრი აზიარებს უკვე ჭირს დაიჭირო ვის უჭირს რეალურად. ამიტომ ოჯახსაც და პროფესიულად ჩვენს თემსაც უჭირს ამოცნობა მინიშნებისა და ძახილის. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ მგელი, მგელიო და როდესაც მგელი მოვიდა, ეს საშიშროება ვეღარ დავინახეთ, სოფელმა ვეღარ დაინახა მგლის საშიშროება. ამიტომ დავუტოვოთ მძიმე ფრაზებით საუბარი იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უჭირს და უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რას ამბობს მათი სხეული, მათი სიტყვები.
მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც წარმატებულ საზოგადოებებს აქვს. არ ვამბობ, რომ ყველაფრის დუბლირება შეიძლება. დიახ, არსებობს გარკვეული ინსტრუქციები და რეგულაციები, რომლებსაც თუ სკოლებში შევიტანთ და მათ შესახებ ეცოდინება არა მხოლოდ სკოლის დირექციას ან განათლების სამინისტროს, არამედ საზოგადოებასაც, მაშინ თავად საზოგადოება მოსთხოვს ამ რეგულაციების აღსრულებას როგორც სკოლას, ისე პედაგოგსაც და ზემდგომ ორგანოებსაც.
ყოველთვის არის საშუალება, დავიწყოთ საუბარი ჩვენს პრობლემაზე. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება სპონტანური გადაწყვეტილებების შესახებ უფროსებთან სასაუბროდ. მხოლოდ დიალოგის დროს გამოჩნდება ხოლმე ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ პრევენციას ვუწოდებთ”,- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.

​ცნობისათვის, ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ახალგაზრდებში სუიციდის პრევენციის ზომებსა და საზოგადოების მიერ ამ პრობლემის სწორად აღქმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები