ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელება, ქვეყნისთვის ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია
„პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება და პროექტი აუცილებლად განხორციელება, რა სტრუქტურით, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ, როდესაც ინვესტორისთვის მიცემული ოფიციალური ვადა ამოიწურება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“ საუბრისას განაცხადა, რომელსაც კაპიტალის მოზიდვისა და პორტის მშენებლობის დასასრულებლად ხელშეკრულებების გაფორმების ვადა წლის ბოლოს ეწურება. მისივე თქმით, ქვეყნისთვის ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია.
„მოდით, ბოლომდე დავაცადოთ ოფიციალური, ფორმალური ვადის ამოწურვას. ეს არის ინვესტორის უფლება, ბოლომდე ისარგებლოს ამ ვადით. რაც შეეხება პროექტის შემდგომ პერსპექტივებს, ერთი რამ ცხადია, პროექტი არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე. ერთი მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისა და დერეფნისთვის, ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ეს არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იარსებებს საქართველოში, მით უფრო დაცული ვართ და ჩვენი უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისათვის, კონსორციუმმა 16 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი ინვესტორის მოძიებაზე და ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის იმედზეა საუბარი.