მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ, განცხადება გააკეთა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილ, პრევენციულ ქმედებებთან დაკავშირებით.

“უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებს და გარდაცვლილის თანაკლასელებს.

სამინისტროს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები აგრძელებენ “მწვანე სკოლაში”, მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში.

სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანია, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აგვაცილებს მსგავს ტრადეგიებს. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება და ფსიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. მოგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი გამართავს მორიგ შეხვედრას და გააგრძელებს მსჯელობას და მუშაობას ამ საკითხზე”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები