დღეს ნიკოლოზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.