არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რამაც სამომავლოდ მოზარდებში ტრაგიკული ფაქტები თავიდან უნდა აგვაცილოს.
გახარიას თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები მიიღებენ.
“დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო არ არის.
“ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.