სულხან სალაძე: იძალადეს თუ არა მეორე არასრულწლოვანზეც ამას გამოძიება დაადგენს
ბევრი მიმართულებით მოუწევს გამოძიებას საქმის შესწავლა, მათ შორის იმ მეორე არასრულწლოვნის ნაწილში, რომელმაც შესაძლოა ასევე განიცადა ფსიქოლოგიური, ან სხვა სახის იძულება და ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ლუკა სირაძე ერთადერთი არ იყო ვის მიმართაც შესაძლოა ისეთ მოქმედებას ჰქონდა ადგილი, რომელიც კანონთან კონფლიქტშია.
“ბევრი მიმართულებით მოუწევს გამოძიებას საქმის შესწავლა, მათ შორის იმ მეორე არასრულწლოვანის ნაწილში, რომელმაც შესაძლოა ასევე განიცადა ფსიქოლოგიური ან სხვა სახის იძულება ან ძალადობა. ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა დაადგინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რადგანაც, როგორც ჩანს, ლუკა არ იყო ერთადერთი ვის მიმართაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ისეთ მოქმედებას, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ კონფლიქტშია კანონთან”, – განაცხადა სალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ “მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.
თოლორაიას თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერი პირი, ვისთან მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.