მამუკა მდინარაძე: ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ამორალურობაა და ადამიანურ ჩარჩოებში აღარ ჯდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვას და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
მდინარაძის თქმით, ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, დაუსჯელი არ დარჩება.
“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მის ყველა ახლობელს ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელზეც პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ. ვერავინ დარჩება დაუსჯელი, თუ სადმე დანაშაულის ელემენტარული კვალი გამოიკვეთება. ამაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს, რომელიც სულ ახალი შექმნილია და სამართალდამცავ უწყებებში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. ჩვენ, ასევე, შევქმენით და ავამოქმედეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სულ ახლახანს მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსიც. ისინი მუდმივ დახვეწას და სრულყოფას საჭიროებენ და ყველას, მთელ საზოგადოებას გვაქვს სამუშაო მათ აღსრულებაზე“ ,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
მდინარაძის განმარტებით, ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია.
“ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ცალკე ამორალურობაა და ადამიანურ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ისიც კი იკადრა, რომ 15 წლის ბიჭის გარდაცვალება თავისი ლოგოთი დაბრენდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მოზარდის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, რისკებს შეიცავს.
“ლუკა სირაძის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, რბილად რომ ვთქვათ, რისკებს შეიცავს და სხვა ბავშვების ფსიქიკას აზიანებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მსგავსი სლოგანების, თუ ფაქტების ასეთი ინტენსივობით ტირაჟირება, სუიციდის რეციდივის მაპროვოცირებელია, მით უმეტეს მოზარდებში. ლუკა კი პირიქით, ბევრ მის თანატოლს გადაარჩენს. წარწერა “ამ ცხოვრების დედაც“ გაჩნდა პოლიციაში დაბარებამდე. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე. აბსოლუტურად მისაღები, ბუნებრივი და გასაზიარებელია გულწრფელი პროტესტი მომხდარ ფაქტზე, მაგრამ უმძიმესი მოსასმენია, როცა თვითმკვლელობის ფაქტით არიან აღშფოთებული მკვლელები, ხალხი რომელიც “ნულოვანი ტოლერანტობის“ ეგიდით არასრულწლოვნის პასუხისმგებლობის ასაკის 12 წლამდე დაწევას ცდილობდა (რაც სტალინის შემდეგ სხვას არავის მოფიქრებია), თუმცა ახლა ამის დრო არ არის“ ,- წერს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.