“ახალგაზრდა ადვოკატები“: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საბჭოური აზროვნების დაწესებულებად ჩამოყალიბდა და პასუხისმგებლობას არც ახლა იღებს
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც აკისრებს და აცხადებს, რომ არასუწლოვნის საქმეში სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაგედიის თავიდან აცილება მომხდარიყო. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემოწმებასთან ერთად, საჭიროა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას, ვინაიდან გაუგებარია, რატომ არ ესწრებოდა ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი არასრუწლოვანთა საპროცესო მოქმედებების განხორციელებას. სააგენტო ფაქტზე დუმს, რაც დასახელებულ სამსახურს მორალური და სამართლებრივი არგუმენტებისთვის ყოველგვარ საფუძვლებს აცლის.
“ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ პასუხობს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესებს და კონკრეტული სოციალური მუშაკების მუშაობა და მოზარდებთან (ბავშვებთან) ურთიერთობის წესი დადგენილ სტანდარტებს სცდება. აღნიშნულზე მიუთითებს საერთო სასამართლოებში არსებული არაერთი საქმე და სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკული გამოვლინებები. ამასთან, ორგანიზაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტურ საჯარო დაწესებულებათა რიცხვში განიხილავს და სისტემის ძირეულ რეფორმას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია ხაზსს უსვამს იმ კარჩაკეტილობას, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, უწყება გადაქცეულია საბჭოური აზროვნების დაწესებულებად და აღნიშნული პირდაპირ აისახება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. ეს სიმართლეა და საზოგადოებისთვის უნდა ითქვას.
“ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აიღოს მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში სათანადო სპეციალისტების გამორიცხვაზე. მომხდარ ტრაგედიაზე რეალური პასუხისმგებლობა ყველა ინსტიტუციამ და დამნაშავე პირმა უნდა აგოს.