ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ უკიდურეს რეაქციებზე საუბრობს – “არ შეიძლება ამდენი უსასოობის ფრქვევა”

ფსიქოლოგ ქეთი კობალაძის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული უკიდურესი რეაქციები და გამოუვალობის ფრქვევა დანარჩენ ბავშვებზე ცუდად მოქმედებს.
მან ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.

ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს, არსებობდეს შესაბამისი განათლება და ისეთი დაწესებულებები, რომელიც ბავშვებს აგრძნობინებს, რომ მარტო არ არიან.

“საოცარი ნეგატიური რეაქციებია, ყველა თავის აზრს წერს სოციალურ ქსელში და ჩვენ ამას ვკითხულობთ. ამ დროს ყველას მიღმა რჩებიან სკოლის დანარჩენი ბავშვები, მათი სოციუმი. არ შეიძლება უფროსების მხრიდან ამდენი უსასოობის, გამოუვალობის ფრქვევა. დანარჩენ ბავშვებზე, ურთულეს ასაკში მყოფ თინეიჯერებზე უნდა ვიფიქროთ. როცა ცუდად ხარ, გჩაგრავენ, როგორ უნდა მოიქცეს, ეს ბავშვმა უნდა იცოდეს და არსებობდეს შესაბამისი განათლება და ისეთი დაწესებულებები, რომელიც ბავშვებს აგრძნობინებს, რომ მარტო არ არიან,” – აცხადებს ქეთი კობალაძე.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები