საპატრიარქო მოზარდისთვის წესის აგებაზე: გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდა, ამიტომ წესის აგება პრობლემა არ იქნება
საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ 15 წლის ლუკა სირაძე შემთხვევით ჩამოვარდა და დაზუსტებით შეუძლებელია თქმა, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა.
მისივე თქმით, ლუკა სირაძისთვის წესის აგება პრობლემა არ იქნება.
“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა”, – თქვა საპატრიარქოს პრესსპიკერმა.
“გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში, ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდნილიყო”, – განმარტავს ჯაღმაიძე.