ზაზა გაბუნია: ყველა ჩვენგანისთვის ეს თემა უნდა იქცეს მთავარ საყურადღებო საკითხად და სათანადოდ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ საქმეზე
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხს კომიტეტის სხდომის დაწყების წინ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა ჩვენგანისთვის ეს თემა უნდა იქცეს მთავარ საყურადღებო საკითხად და ამ საქმეზე სათანადოდ უნდა ვკონცენტრირდეთ.
“კოლეგებო, რთულ და მძიმე ვითარებაში გვიწევს დღევანდელი სხდომის წარმართვა.
ყველანი შეგვძრა და დაგვამწუხრა ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავმა. მინდა მის ოჯახს და განსაკუთრებით კი ლუკას დედას მივუსამძიმრო და სიმტკიცე ვუსურვო.
საქართველოს პარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება საგამოძიებო პროცესს, რადგან კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
ყველა ჩვენგანისთვის ეს თემა უნდა იქცეს მთავარ საყურადღებო საკითხად და უნდა მოვახდინოთ სათანადო კონცენტრაცია ამ საქმეზე, რათა დადგინდეს მიზეზები და მოხდეს ზედმიწევნით სრულფასოვანი სამართლებრივი რეაგირება.
ჩვენ ახლა ვხედავთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის აქტიურ საგამოძიებო სამუშაოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ვიმედოვნებ, რომ სრული ობიექტურობით და ეფექტიანობით მიიყვანს გამოძიებას ეს ინსტიტუტი ბოლომდე.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ყოვლად ამაზრზენია ამ ტრაგედიის პოლიტიკური ამოცანებისთვის ყოველგვარი – პირდაპირი თუ ირიბი ფორმით გამოყენება და ამით ვაჭრობა.
მჯერა, რომ ასეთი ტრაგედიები ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას უნდა გვაერთიანებდეს და არა პირიქით, გვყოფდეს, უნდა გვაერთიანებდეს იმისთვის, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვერიოთ პრობლემას, რამაც ეს სამწუხარო და სავალალო შედეგი მოიტანა,”- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.