„15 წლის მოზარდის საქმის გამოძიება წამების მუხლით უნდა წარიმართოს“ – ცენტრი „ემპათია“ სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლად დაიწყოს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით, რაც ადამიანის წამებას წამებას გულისხმობს.
ამის შესახებ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯიშკარიანის თქმით, „ემპათია“ აწარმოებს მონიტორინგს აღნიშნულ საქმეზე და მიიჩნევს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტი დროში კავშირშია პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, რაც დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ დაკითხვისას როგორც მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების მეთოდები იქნა გამოყენებული.
„ჩვენ ვგეგმავთ, მივმართოთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომ შეცვალოს გამოძიების მუხლი, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის დროს იძულებას და ითვალისწინებს 5-დან 9 წლამდე პატიმრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი და იკვეთება წამებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მიხედვით. წამების ყველანაირი კრიტერიუმი სახელმწიფო მოხელებიის მიერ ამ საქმეში იკვეთება. მასზე შესაძლოა ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, მაგრამ ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება ასევე მიუთითებს წამებაზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანი იყო ცუდად და არ მისცეს შესაძლებლობა გამოეძახებინათ ექიმი.
შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს გამოძიება დაიწყოს 144-ე პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 9-დან 15 წლამდე. ეს არის მკაცრი მუხლი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ გამოძიება, მისი შეფასებით, არასწორი მუხლით მიმდინარეობს, ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო ხდებოდეს.
„ვურჩევ სახელმწიფო ინსპექტორს, სწორი პოზიცია დაიკავოს. გამოძიება უნდა წარიმართოს საერთაშორისო სტანდარტებით“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანის თქმითვე, შესაძლოა საქმეზე ჩატარდეს კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც წამების მეთოდებსა და შედეგებს შორის კავშირს დაადგენს.
„თუ მოგვმართავს დაზარალებულის მხარე, ჩვენ ჩავატარებთ კომპლექსურ ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს წამების მეთოდებსა და შედეგებს შორის კავშირს, ეს შესაძლოა საქმის მასალებითაც მოხდეს”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.
თამუნა შეყილაძე