“ახალგაზრდა ადვოკატები”: საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, გაუქმდეს

საქართველოში, სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის შეზღუდვა, შესაძლოა, გაუქმდეს და ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით, შესაძლოა სამაგისტრო გრანტიც მხოლოდ ერთხელ აღარ გაიცეს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, განათლების სფეროში სასწავლო გრანტების გაცემის წესის არათანაბრობის საკითხსა და ამ კუთხით, განათლების უფლების სრულ ხელმისწავდომობაზე საკითხს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლების საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად გამოცხადება. დღეს მოქმედი წესის თანახმად, „დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა.“ „მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით.“ „დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის 27–ე მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.“ განათლების უფლება კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადამიანის პიროვნული განვითარების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ამ მიზნების აღსასრულებლად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს, მიანიჭოს უმაღლესი განათლების სტადიაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. განათლების წახალისების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სადავო ნორმების შესაბამისად, პირს შეზღუდული აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ერთზე მეტად მოიპოვოს. აღნიშნული დანაწესი მოდის წინააღმდეგობაში როგორც სარჩელში მითითებულ კონსტიტუციურ ნორმებთან, ასევე იმ კანონების მიზნებსა და ამოცანებთან, რომლებიც უმაღლესი განათლების წესებსა და სტანდარტებს ადგენენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობის უმთავრესი არგუმენტი თავად განათლებული და კონკურენტუნარიანი საზოგადოების შექმნის აუცილებლობაა. ამისათვის, სახელმწიფომ ის დამატებითი სახსრები უნდა გაიღოს, რაზეც, სადავო ნორმების ასეთი ამკრძალავი შინაარსის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული. ეს ნორმები აფერხებს და ზღუდავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი უნარებიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მიიღოს უმაღლესი განათლების მიღებიდან გამომდინარე სიკეთე, საკუთარი შრომისუნარიანობისა და მონდომების შემთხვევაში. მაგალითისთვის, თუკი პირი დაინტერესებულია სამართლით და განათლება მიღებული აქვს ისტორიის მიმართულებით, სახელმწიფო არ უნდა ზღუდავდეს მის შესაძლებლობას, ისწავლოს იმავე, ბაკალავრიატის საფეხურზე, მისთვის საინტერესო მიმართულებით, რაც მის ცოდნასა და უნარებს, როგორც სამართლის, ასევე ისტორიის მიმართ გაცილებით ღრმასა და ხელშესახებს გახდიდა და კონკრეტულ დარგში გამორჩეულ ცოდნას მიანიჭებდა. ამას გარდა, არსებობს დარგები, რომელთა შესწავლის შემთხვევაშიც სტუდენტი, შესაძლოა, სამომავლოდ გაცილებით პერსპექტიული იყოს და მას საკუთარი უნარების წარმოჩენაში სწორედ უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ორი ხარისხი დაეხმაროს.

საქართველოს შემთხვევაში, განათლება არის კონსტიტუციით პირდაპირი დაცვის ობიექტი. იგი კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულია ძირითად უფლებად, მაშასადამე, იგი უნდა ჩაითვალოს, როგორც ფუნდამენტური უფლება. ამას გარდა, განათლების უფლება განმარტებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით, რომლის მიხედვით, „არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.“ აღნიშნული დამატების კონვენციაში გაჩენის შემდეგ, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ეფექტიანი განათლება, ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი გახადონ. სხვა სიტყვებით, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, არსებული დროისათვის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე შეძლონ წვდომა, საკუთარი უნარებიდან გამომდინარე (Mürsel Eren v. Turkey, § 41).

საქართველოს, როგორც ევროპული საბჭოს წევრს, აქვს ვალდებულება შიდა რეგულაციები, ევროპული კონვენციის დათქმების შესაბამისად მოაწესრიგოს, თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება, პირველ რიგში, კონსტიტუციურად გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების მაქსიმალურად დაცვაა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, განათლების უფლება გულისხმობს, მის მისაღებად არა მხოლოდ საჭირო პირობების შექმნას, არამედ, არსებული დროისათვის, ყოველი შესაძლებლობის გამოყენებაზე ხელშეშლის აღკვეთას ან თავის შეკავებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ქართულ რეალობაში, საკუთარი უნარების რეალიზების შედეგად, სრულიად შესაძლებელია პირი მოხვდეს უმაღლესი განათლების ნებისმიერ დაწესებულებაში, მოიპოვოს სასწავლო გრანტი საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზების შედეგად. მიუხედავად ამისა, მისი უფლება, გრანტის მეორედ მიღების თვალსაზრისით არის შეზღუდული. შესაბამისად, პირი კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ხელმისაწვდომობას და მიმდინარე პერიოდისათვის დაწესებული საგანმანათლებლო შესაძლებლობის მიღებაზე წვდომას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის აზრით, შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური და ხდება განათლების მიღების უფლებაში ჩარევა. ამდენად, აუცილებელია უფლება შეზღუდული სტუდენტებისთვის არსებული შეზღუდვების მოხსნა და მათთვის მეტი განვითარების შესაძლებლობის გადაცემა, რაც, მხოლოდ და მხოლოდ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკონსტიტუციო სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივლისში მიმართა. ორგანიზაციამ სარჩელი მოამზადა საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების: ციცი ჭელიძის, სოფიკო ჯიჭონაიას, მარიამი ბარსონიძის, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილის, სოფიკო თვალაბეიშვილისა და თამარი სტეფანიშვლის აქტიური ჩართულობითა და მათთან ერთობლივი თანამშრომლობით. საკონსტიტუციო სარჩელზე ორგანიზაციის ინტერესებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების იურისტი, გიორგი ლაბაძე წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები