“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”: მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც პროექტით ჯერ კიდევ დაინტერესებულია
მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით, – ამის შესახებ განცხადებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან.
“მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან. ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს.
“ADC” იყენებს ყველა საშუალებას, რომ პროექტი წინ წავიდეს, სანამ ჩვენ ვართ მთავრობის მხარდაჭერის მოლოდინში, რაც აუცილებელია ინვესტორთან მოლაპარაკებების დასრულების და პროექტის მომავლის უზრუნველსაყოფად. გვსურს თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი დავა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილ მხარდაჭერას, რათა წარმატებით გავაგრძელოთ და დასრულდეს პროექტი”,- აღნიშნულია განცხადებაში.