Amnesty International: ირანში ნოემბერში სამდღიან აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანში ნოემბერში სამდღიანი აქციის შედეგად, სულ მცირე, 304 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეთა მკვლელობის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ მომხდარის დასაფარად, „ფართომასშტაბიან რეპრესიებს“ მიმართა.

„ათასობით დემონსტრანტი, ასევე ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სტუდენტები არიან დაკავებულნი, რომ არ მომხდარიყო მათი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება“, – აღნიშნავს Amnesty International.

ირანში აღნიშნულ ციფრებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ 5 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 4 ძალოვანია.

Amnesty International-ს „დამოუკიდებელმა წყაროებმა“ აცნობეს, რომ ერთი თვის თავზეც ძალოვანები ე.წ. რეიდებს მართავენ, ადამიანებს საკუთარ სახლებში და სამსახურებში აკავებენ.

უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ათობით დაკავებულებზე, რომლებსაც ახლობლებთან დაკავშირება არ შეუძლიათ, ნაწილი კი, ისეთ პირობებში იმყოფება, რაც „ძალისმიერ განადგურებას“ უდრის.

ზოგიერთი საპყრობილე ძალიან გადავსებულია.

ორგანიზაცია თეირანს მოუწოდებს, ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლონ დაკავებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები