ინდოეთში პოლიციამ სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 60 ადამიანი დაშავდა
ინდოეთის დედაქალაქში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, გვიან ღამით, შეტაკება მოხდა, რომლის დროს 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც არიან.
არეულობის ეპიცენტრი დელიში, ჯამია მილია ისლამიას უნივერსიტეტი იყო, სადაც ძირითადად მუსლიმი-სტუდენტები სწავლობენ. სასწავლებელში ბოლო სამი დღეა მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართება, რომელიც მოქალაქეობასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას შეეხებოდა.
კანონპროექტი, რომელიც ძალაში გასულ კვირას შევიდა, ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი არამუსლიმი მოქალაქეებისთვის ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას გულისხმობს.
Hindustan Times-ის ინფორმაციით, სტუდენტები საცხოვრებელ სახლებს ქვებს ესროდნენ, მანქანებს უკიდებდნენ ცეცხლს, გზების ბლოკირებას ახდენდნენ და თანაკურსელებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიციამ შეკრებილები ცრემლსადენი გაზით და ხელჯოხებით დაშალა. უნივერსიტეტში 100-მდე სტუდენტი დააკავეს.
შექმნილი ვითარების გამო, დღეს, ნიუ-დელის სამხრეთ კვარტალში არსებული ყველა სასწავლო დაწესებულება დახურულია.