ნინო ცაციაშვილი: არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტზე არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ მან ბრიფინგის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
“აღიარებასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს მის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული და საზოგადოებაში ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული აღიარებითი ინფორმაცია,“ – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, “მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე.
13 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.