ნინო ცაციაშვილი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციის განყოფილებაში არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული.
ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“ -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

როგორც წყარო ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აცხადებს, პოლიციელები მოზარდს “მწვანე სკოლის” შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები