ვარკეთილში 1 300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო
თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და “თიბისის” მხარდაჭერით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა. “თიბისის” მიერ შეძენილი 1 300 კედრის მარადმწვანე ხე თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, გამწვანების აქციები დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
“მიხარია, რომ თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, მიმდინარე გამწვანების აქციები სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. დღეს, დედაქალაქის მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვარკეთილში, თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დავრგეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო “თიბისის” ხეების შეძენისთვის და ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღევანდელი გამწვანების აქცია-კამპანია “გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით იმართება.
“დღეს, ვარკეთილში გამწვანების მორიგი აქცია გავმართეთ, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თიბისის, რომელმაც 1 300 კედრის მარადმწვანე ხე საჩუქრად გადმოგვცა. ჩვენი ქალაქის გამწვანება ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მსგავს აქციებში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. კამპანია “გაამწვანე ვარკეთილი“ მომავალშიც გაგრძელდება და მოხარულები ვიქნებით, თუ ბიზნესისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, “ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ნოზაძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.