შსს-ს აკადემიას, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლების განვითარების მიზნით, პოლონეთისგან სასწავლო აღჭურვილობა გადაეცა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლების განვითარების მიზნით, პოლონეთისგან სასწავლო აღჭურვილობა გადაეცა.

პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – ვლადიმერ ბორცვაძეს აღჭურვილობის ჩუქების სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლონურ მხარეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ პარტნიორებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო პროგრამების განხორციელებას და დაეხმარება ჩვენს მეხანძრე-მაშველებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სასწავლო აღჭურვილობა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის დახმარებით განხორციელებული პროექტის – „შსს-ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს შესაძლებლობების განვითარება“ – ფარგლებში გადაეცა.
პროექტი მოიცავს პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ სახანძრო-სამაშველო სიმულატორს, 17 ინსტრუქტორისთვის განკუთვნილ სრულ სახანძრო ეკიპირებასა და შესაბამის სასწავლო აღჭურვილობას.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ახალგადმოცემული აღჭურვილობის გამოყენებით, საჩვენებელი სასწავლო სესია გაიმართა.
უახლოეს მომავალში ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორებს გადაცემული სასწავლო აღჭურვილობის გამოყენებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულის შექმნის შესახებ სპეციალურ ტრენინგს ჩაუტარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები